მიხეილ სააკაშვილი - არასდროს ვყოფილვარ მდიდარი, ახლა იმაზე ღარიბიც ვარ, ვიდრე პრეზიდენტობამდე ვიყავი
მიხეილ სააკაშვილი - არასდროს ვყოფილვარ მდიდარი, ახლა იმაზე ღარიბიც ვარ, ვიდრე პრეზიდენტობამდე ვიყავი

უკრაინა აუცილებლად გახდება ევროპის სუპერსახელმწიფო – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Al Jazeera-ს ჟურნალისტის მეჰდი ჰასანის გადაცემაში – UpFront სტუმრობისას განაცხადა. გადაცემის წამყვანმა სააკაშვილს განუცხადა, რომ როგორც გამოკითხვების შედეგებიდან ჩანს, უკრაინელები მას მხარს არ უჭერენ. „გასული წლის ბოლოს თქვენი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ ერთი პროცენტი იყო – ერთი პროცენტი!“, – უთხრა წამყვანმა სააკაშვილს. თუმცა, სააკაშვილის თქმით, მისი პარტიის რეიტინგი არა ერთი, არამედ, 7-8 პროცენტია.

სააკაშვილმა კორუფციასთან მის კავშირზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ახლა იმაზე ღარიბია, ვიდრე პრეზიდენტობამდე იყო.

წამყვანი: თქვენს უკან უკრაინის დროშაა. რამ გაიძულათ, ერთი ქვეყნის – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს წასულიყავით სხვა ქვეყანაში – უკრაინაში და იქ პრემიერ-მინისტრობა გეცადათ? ბევრმა შეიძლება თქვა, რომ ეს საკმაოდ არაპატრიოტულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

სააკაშვილი: უპირველესად, ამის არაერთი ისტორიული პრეცედენტი არსებობს, იყო ასეთი დიდი ისტორიული ფიგურა სიმონ ბოლივარი. თუმცა, მეორე მხრივ, თუ უკრაინა დაეცემა, გატყდება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაზე, საქართველო, რომელიც გაცილებით პატარაა, შესაძლოა, რუკიდან საერთოდ გაქრეს. ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი მოტივაციაა.

ამასთან, მე ჩემი ზრდასრული ცხოვრების 14 წელი გატარებული მქონდა უკრაინაში. მე უკრაინის ორი რევოლუციის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ პირველი მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი. მე უკრაინასთან ძლიერი კავშირები მაქვს.

წამყვანი: თქვენ ამბობთ, რომ უკრაინასთან ძლიერი კავშირები გაქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელები მხარს არ გიჭერენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელების 75%-ს, ამ ქვეყანაში ყოველი ოთხი ადამიანიდან სამი თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობილია. რატომ არ დაუთმობთ გზას, რომ უფრო პოპულარულმა კანდიდატმა იბრძოლოს უკრაინის პრემიერობისთვის? თქვენ არ ხართ იქ პოპულარული.

სააკაშვილი: იგივე კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი კიდევ უფრო არაპოპულარულია. თუ კვლევის შედეგებს შევხედავთ, ყველა უკრაინელ პოლიტიკოსს ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით.

წამყვანი: გასული წლის ბოლოს თქვენი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ ერთი პროცენტი იყო – ერთი პროცენტი!

სააკაშვილი: ერთსა და 7-8 პროცენტს შორის, ეს დამოკიდებული კვლევაზე. პრეზიდენტის პარტიის შედეგები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება. პრობლემა ის არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს ცვლილება და განახლება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. მე მოდერნიზებული, დემოკრატიული, ევროპული, კორუფციისგან თავისუფალი და ოლიგარქებისგან თავისუფალი ეკონომიკის მქონე უკრაინის იდეას ვუჭერ მხარს.

წამყვანი: თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ საქართველოში თქვენ წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული და გაყალბებულია. თქვენ სისხლის სამართლის ბრალდებები გემუქრებათ უკრაინაშიც. თქვენ ამ ინტერვიუს ჩასაწერად სტუდიაში უნდა მოსულიყავით, თუმცა, ვფიქრობ, იმდენად ღელავდით, რომ შესაძლოა, დაეპატიმრებინეთ, რომ ამ ინტერვიუს ჩაწერა „სკაიპით“ მოგვიწია. თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას ის, რომ სადაც არ უნდა მიდიოდეთ, იქნება ეს საქართველო, თუ უკრაინა, თქვენ დანაშაულებში გდებენ ბრალს?

სააკაშვილი: უკრაინელებს არ უნდათ ჩემი დაპატიმრება. მე მათ არაერთხელ ვუთხარი, თუ ჩემი გასამართლება გინდათ, გამასამართლეთ, რადგან ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს. მაგრამ არა, მათ ჩემი არა გასამართლება, არამედ გაძევება, თავიდან მოშორება უნდათ. ეს სულ სხვა თამაშია. მიზეზი, რატომაც უნდათ ჩემი თავიდან მოცილება, არის ის, რომ მათ ჩემ წინააღმდეგ რეალური საქმე არ აქვთ, რადგან მე გზა გადავუჭერი ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანას ძარცვავდნენ. პოტენციურად, ეს არის ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა თავისი რესურსებით, თუმცა ახლა ის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რადგან მთელი მისი სიმდიდრე შვიდი ოლიგარქის ხელშია. ეს ოლიგარქები ჩემში მთავარ მტერს ხედავენ.

წამყვანი: თქვენ საკუთარ თავს ოლიგარქების მტერს უწოდებთ. თქვენ უკრაინის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის მმართველის თანამდებობა 18 თვის შემდეგ, 2016 წელს დატოვეთ ისე, რომ კორუფციის დონე არ შემცირებულა და ამავე დროს, საქართველოში თქვენ წინააღმდეგ წაყენებულ ერთ-ერთ მთავარ ბრალს შორის თქვენ მიერ სახელმწიფო ფონდების მასობრივ გაფლანგვას ეხება.

სააკაშვილი: მათ არ უპოვიათ ჩემი არც ერთი პირადი ანგარიში, არანაირი პირადი ქონება, რაც ძალიან იშვიათია რეგიონში, სადაც ყველა იპარავს. ჩვენ ვიყავით ერთადერთი მაგალითი, როდესაც პრეზიდენტმა იგივე ქონებით დატოვა თანამდებობა, რაც ქონებასაც მის დაკავებისას ფლობდა. მე არასდროს ვყოფილვარ მდიდარი და არც ახლა ვარ მდიდარი. მე ახლა იმაზე ღარიბიც ვარ, ვიდრე პრეზიდენტობამდე ვიყავი.