მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისს თემურ ჯანაშიამ დამირეკა, პოლიცია გავეშებულიაო, ვუთხარი, დაუყოვნებლივ გაეყვანათ ყველა დემონსტრანტი, ეს იყო ჩემი ერთადერთი ბრძანება
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისს თემურ ჯანაშიამ დამირეკა, პოლიცია გავეშებულიაო, ვუთხარი, დაუყოვნებლივ გაეყვანათ ყველა დემონსტრანტი, ეს იყო ჩემი ერთადერთი ბრძანება

ერთადერთი ბრძანება, რაც 26 მაისს გავეცი იყო, რომ გაეხსნათ გზა ყველა მიმართულებით და გაეყვანათ ხალხი, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისს აღნიშნულის შესახებ თემურ ჯანაშიას ესაუბრა.

„დღეს არის ლექსო ლაშქარავას დაბადების დღე. მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისზე რა იყო. 26 მაისზე რადგან წამოჭრეს საკითხი, აქ არის თემურ ჯანაშია და ნამდვილად დაადასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თათუხაშვილზე, ჩაითვალა რომ მკვდარი იყო, რადგან მართლა გადაუარა მანქანამ პროტესტანტების, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე. არაფერი განკარგულება არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო ძალიან ცუდი, ეს მოედანი იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან, თემურმა დამირეკა, ძალიან ცუდი სიტუაციააო, რადგან პოლიცია არია გავეშებულიო, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, რადგან თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო, რა შეგვიძლია ვქნათ და გავუხსნათ პიონერთა სასახლის ბაღი, გავიყვანოთ ყველა აქედანო, მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ ყველა დემონატრანტი გაიყვანეთ, გაარიდეთ, ყველა მიმართულებით გახსენით, რისი გახსნაც შეგიძლიათ, რაც არის შენს ძალებში ახლავე გააკეთეთ-თქო. ხო ასე იყო თემურ? ეს ბრძანებაა, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.