მიხეილ სააკაშვილი - არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო
მიხეილ სააკაშვილი - არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას. აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

ამასთან, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.

„ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა ახლა კამათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა, პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ყველა ტელევიზიას მიეცეს.

„დღეს სამარცხვინო, მაგრამ ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ. მესამე პრეზიდენტი ესწრება და პირველად აქვს შესაძლებლობა. შუამდგომლობა გვაქვს, მაუწყებლებს, ვინც მოითხოვეს გაშუქების უფლება, შემოვიდნენ და გააშუქონ და ცოცხალ რეჟიმში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ადვოკატებს მიმართა, შეეწყვიტათ სხდომის სოციალურ ქსელში ტრანსლირება.

„გამორთეთ ტრანსლირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ დარბაზი. მანდატურებს ვთხოვ, მოახდინონ რეაგირება ამაზე“, – განაცხადა მოსამართლემ, რის შემდეგაც ადვოკატებმა ტრანსლირება შეწყვიტეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.