მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზაზე ჰყავდა წაყვანილი
მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზაზე ჰყავდა წაყვანილი

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, მას კომპიუტერის ექსპერტიზაზე ჰყავდა წაყვანილი.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის ოჯახში გაიცნო, როგორც თამუნას მეგობარი.

„მე ეს პიროვნება გავიცანი თამუნას ოჯახში, როდესაც მე მივედი დაკრძალვის დღეს, იჯდა სუფრასთან, გამაცნეს როგორც თამუნას მეგობარი. გიორგის, თამუნას ძმას შევეკითხე, შეტყობინება მომივიდა, რომ რომელიღაც მის მეგობარს უნდოდა ჩემთან საუბარი და რაღაც ინფორმაციის მოწოდება. ოჯახში იყო, თავად მოვიდა, ბიძაშვილს გაეცნო როგორც თამუნას მეგობარი, დასაფლავებაზე უმანქანოდ იყო და თამუნას ბიძაშვილმა წამოიყვანა. მერე მე წამოვიყვანე, გამოვკითხე რაღაცები, რა იცოდა კომპიუტერთან დაკავშირებით. მითხრა, რომ კარგად ესმის და ვთხოვე წამომყოლოდა ექსპერტიზაზე. გუშინ ინტერვიუ ჰქონდა, რაღაც ისაუბრა. მან ქალბატონ თეონას მესინჯერში მიწერა, რა საჭიროაო ფედერალური ბიუროო, ამდაგვარი მიმოწერა ჰქონდა და ამან გარკვეული კითხვის ნიშნები დასვა ოჯახის წევრებისთვის. ბაჩანამ დეტალურად არ თქვა, რა მასალებია წაშლილი თამარის კომპიუტერიდან, ის ვარაუდის დონეზე საუბრობს. მეც ვვარაუდობ, რომ ისეთი მწირი მასალა არის ასეთი პროფესიის მქონე ადამიანის კომპიუტერში, ნამდვილად არ უნდა იყოს ასე“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ითხოვს თუ არა ბაჩანა ლობჟანიძე თავშესაფარს.

„თავშესაფარს სად ითხოვს, არ ვიცი, ამის თაობაზე მან სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადოს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს აღნიშნა: „ბაჩანა ლობჟანიძე ვიღაც ციდან მოფრენილია. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში“.  მოგვიანებით კი, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა, რომ ბაჩანა ლობჟანიძე გამოსაკვლევია, საიდან მოვიდა, ვინ არის.