მიხეილ ქუმსიშვილი - ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, სადაც ყველაფერი რიგით მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ ელიტებზე
მივესალმები ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც ერთი და იგივე წრეზე ტრიალი ყელში ამოუვიდა, – ამის შესახებ „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვისაც ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე პოლიტიკური ფიგურების ყურება, რომლებიც ვერაფერს ვერ ცვლიან და ქვეყანა და ქალაქი წინ ვერ მიდის. მე ახლა, იმიტომ ვდგავარ თქვენ წინაშე და იმიტომ გესაუბრებით, რომ ეს ყველაფერი მეც ყელში ამომივიდა და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ალბათ, მეთანხმება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ ვარ აქ და ამიტომ იბრძვის „ლეიბორისტული პარტია, რომ ჩვენ უკეთესი მომავლის შექმნა შევძლოთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, თბილისში ელიტების მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, სადაც ყველაფერი რიგით მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ ელიტებზე. აგრეთვე, ჩვენ შევქმნით და გავაძლიერებთ საშუალო ფენას, რომელიც დღეს საზოგადოებაში საერთოდ არ არსებობს. ამისთვის, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, 2 ოქტომბერს თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, ვინც „ლეიბორისტულ პარტიას“ და მას გულშემატკივრობს.
საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.