მიხეილ ქარელი - სააკაშვილმა და რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ე.წ. პოლიტიკურმა ელიტამ მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსებაზე, რამაც ვითარება გააუარესა
სააკაშვილმა და რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების, იქიდან გამომდინარე, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი ოსური მხარისგან, – ამის შესახებ 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიმდინარე სხდომაზე დისტანციურად სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება.
„ყველას გვახსოვს აჭარაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოექცა, დაექვემდებარა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, რომ შემდეგი იყო ცხინვალის რეგიონი. „ცხინვალის რეგიონი“ რას გულისხმობდა კონკრეტულად, ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი. ჩვენ როდესაც კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით, რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით, ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია. შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან და რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ელიტამ, მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების, იქიდან გამომდინარე, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი ოსური მხარიდან. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი განსაკუთრებული, უცხო არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არც სასურველია და არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ეს დადებითი პროცესი იყო, პირიქით, ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების საფუძველზე, ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ჭადრაკში ცუგცვანგის პრინციპია, ნებისმიერი ჩვენი სვლა აუარესებდა მხოლოდ ჩვენს მდგომარეობას. ასეთი სიტუაცია შეიქმნა და, ფაქტობრივად, ამ ჯარების განთავსებამ გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.