მიხეილ ქარელი - აჭარის მოვლენების შემდეგ სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ მალე ცხინვალში შევალთ, რომ არა ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგობა, 2008 წელს რაც მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო 2004-ში
კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე როცა ვსაუბრობდით, სააკაშვილი ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით, ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია. შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან მიიღო გადაწყვეტილება რეგიონში სამხედრო ძალების განთავსების, – ამის შესახებ 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიმდინარე სხდომაზე დისტანციურად, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება.
„ყველას გვახსოვს აჭარაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოექცა, დაექვემდებარა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, რომ შემდეგი იყო ცხინვალის რეგიონი. „ცხინვალის რეგიონი“ რას გულისხმობდა კონკრეტულად, ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი. ჩვენ როდესაც კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით, რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით, ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია. შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან და რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი ოსური მხარისგან. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი განსაკუთრებული, უცხო არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არც სასურველია და არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ეს დადებითი პროცესი იყო, პირიქით, ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების საფუძველზე, ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ჭადრაკში ცუგცვანგის პრინციპია, ნებისმიერი ჩვენი სვლა აუარესებდა მხოლოდ ჩვენს მდგომარეობას.
ჯარების განთავსებამ, ფაქტობრივად, გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. არანაირი სასურველი შედეგის მომტანი არ იყო. მახსოვს ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, ისეთი რიტორიკა, საუბარი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო. ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და, უბრალოდ, პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ქართველის ოცნებაა, ყველამ ვიხილოთ ერთიანი და სრულიად გაერთიანებული საქართველო. რა თქმა უნდა, მაშინ ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იქნებოდა, რომ ფაქტობრივად, ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა ყოველდღიურად გაუარესებულმა მდგომარეობამ უკვე ადგილობრივ მოსახლეობაშიც სერიოზული შიში გააჩინა, უკვე არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა მტრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში. ამ შიშიდან გამომდინარე იყო პანიკაც, დაძაბულობაც. მახსოვს, მაშინდელი გენშტაბის ხელმძღვანელი გადადგა იმის გამო, რომ გამგეობიდან ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და, ფაქტობრივად, მართვის პროცესებში ჩამოშორებული იყო. ამ მდგომარეობამ იმ ზომამდე მიგვიყვანა, რომ ომის წინაშე დაგვაყენა და უკვე მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
როგორც მიხეილ ქარელმა აღნიშნა, „ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო გაცილებით ადრე, 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ“.
„ფაქტობრივად, მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია მოხდა, ჯარების გამოყვანა ნელ-ნელა, რომ ასე ვთქვათ, ნორმალიზება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონის, მშვიდობიანი ცხოვრება. ფაქტობრივად, ზურაბ ჟვანიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან უდიდეს უბედურებას გადაარჩინა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
მიხეილ ქარელმა ასევე დააზუსტა, რომ საუბრობდა 2004 წლის აგვისტოს პერიოდზე.
მიხეილ ქარელს კომისიის სხდომაზე წულუკიანმა მიმართა: „პოლიტიკური ელიტა ახსენეთ და გვარები რომ ჩამოგვითვალოთ?“ – რაზეც ქარელმა უპასუხა:
„მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი. სააკაშვილთან ერთად, ძირითადად ეს ადამიანები იღებდნენ ასეთი ტიპის „მნიშვნელოვან“ გადაწყვეტილებებს. აბსოლუტურად გაუაზრებლად იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლებოდა, ასეთი უბედურებით დასრულებულიყო“.