მიხეილ ნინუამ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენცია გამართა
მიხეილ ნინუამ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პოლონეთში, ისრაელში, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს კონსულებთან და ქალაქ ფრანკფურტსა და ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალურ კონსულებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, განხილული იქნა მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფის საკითხები.

მინისტრის მოადგილემ კონსულებისგან მოისმინა ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით განაგრძობს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს, რისთვისაც მიმდინარე წლის 27 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულია კომპანია „Georgian Airways”-ის რეისები ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონსულებს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, ხშირ შემთხვევაში მაღალი რისკის ქვეყნებში, პროფესიული საქმიანობის ღირსეულად შესრულებისთვის.