მიხეილ ნინუამ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით დაგეგმილ და განხორციელებულ ავიარეისებზე ისაუბრა
მიხეილ ნინუამ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით დაგეგმილ და განხორციელებულ ავიარეისებზე ისაუბრა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების  მიდგომები  ითვალისწინებს არა მხოლოდ მოქალაქეების მექანიკურ გადაადგილებას ერთიდან მეორე წერტილში, არამედ მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობას და ეტაპობრივ დაბრუნებას სამშობლოში, რა მიზნითაც გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროტოკოლის ძირითადი მოთხოვნები.

„დღეის მდგომარეობით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5866 მოქალაქე. ეს სტატისტიკა განახლებადია ყოველ დღე და  სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება. ჯამში, ამ მომენტისთვის, თბილისის მიმართულებით  განხორცილედა 22 რეისი“ – განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეისებისა და მიმართულებების დადგენა ხდება იმ მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში სახეზეა.

მიხეილ ნინუას ინფორმაციით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ  საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით  უკვე განხორციელდა 13 რეისი (06.03. თეირანი-თბილისი; 10.03. რომი-თბილისი; 10.03. რომი-თბილისი; 23.03. ბერლინი-ბათუმი; 24.03. ათენი-თბილისი (ეგეოსის ავიახაზები); 26.03. ვენა-თბილისი; 31.03. ამსტერდამი-თბილისი; 03.04. ბერლინი-თბილისი; 04.04. ლონდონი-ბათუმი; 07.04. ათენი-თბილისი; 10.04. ლარნაკა-თბილისი; 10.04. დოჰა-თბილისი; 12.04. ბერლინი-თბილისი), პოლონეთის ავიახაზებთან (LOT) თანამშრომლობით განხორციელდა 5 რეისი (16.03. ვარშავა-თბილისი; 17.03. ვარშავა-თბილისი; 17.03. ვარშავა-თბილისი; 28.03. ვარშავა-თბილისი; 03.04. ვარშავა-თბილისი), ბელორუსიის ავიახაზების „ბელავია“ მიერ  სამი რეისი (25.03. მინსკი-ერევანი; 29.03. მინსკი-ერევანი; 05.04. მინსკი-ერევანი), ხოლო ავიაკომპანია „Myways“-ს მიერ ერთი რეისი (ურუმჩი-თბილისი).

მან ასევე დაასახელა უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეისები: 14 აპრილი- ამსტერდამი-თბილისი; 16 აპრილი – პარიზი-თბილისი; 18 აპრლი – თელ-ავივი-თბილისი; 21 აპრილი – რომი-თბილისი; 22 აპრილი – ერბილი-ბათუმი; 24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი; 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი; 30 აპრილი – მადრიდი-თბილისი; 02 მაისი – პრაღა-თბილისი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიცირება ხორციელდება საამისოდ სპეციალურად შემუშავებული ელექტრონული განაცხადის ფორმით, ხოლო კომუნიკაცია დაგეგმილი რეისების შესახებ ხორციელდება ყველა შესაძლო არხის გამოყენებით.

მისი განცხადებით, ავიაკომპანიათან თანამშრომლობით ხდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ქმედითი დახმარების გაწევა, რათა პირველ რიგში მოხდეს მათი ბილეთებით უზრუნველყოფა, ბორტზე განთავსება და გამომგზავრება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული რეისებით ასევე სარგებლობენ ტრანზიტული მგზავრები, ვისთვისაც ხდება შესაბამისი საორგანიზაციო და ლოგისტიკური ხასიათის დახმარების გაწევა, კერძოდ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. გამგზავრების ჰაბებში შეუფერხებლად მოხვედრა.

ამასთან, როგორ მან აღნიშნა, ასევე დიპლომატიური მისიები სახმელეთო მონაკვეთებზე უზრუნველყოფენ მოქალაქეებს შესაბამისი დერეფნებით და გადაადგილების საშუალებებით (ავტობუსები, მინივენები). მისი ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობები ეხმარებიან მოქალაქეებს ასევე ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში, რომლებიც სხვა ავიაკომპანიების მიერ სრულდება.

პარლამნეტში გამოსვლისას მიხეილ ნინუამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული შეზღუდვების ფონზე, კიდევ უფრო გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები, რის გამოც რიგი ქვეყნებიდან ცხედრების ტრანსპორტირება შეფერხდა.

„მიუხედავად ობიექტური ხასიათის შეზღუდვებისა, ჩვენი საკონსულო სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მარშრუტებისა და საშუალებების გამოყენებას. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა და რეგულაციების გათვალისწინებით, ადგილზე უზრუნველვყოფთ ცხედრების სათანადოდ შენახვას, რიგ შემთხვევებში, დროებით სასაფლაოებზე დაკრძალვას. ნებისმიერი ზომა მიიღება მხოლოდ ოჯახის წევრებთან კონსულტაციითა და მათი თანხმობის საფუძველზე. მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, პირველი მარტიდან დღემდე საქართველოში 43 გარდაცვლილი იქნა გადმოსვენებული და მიმდინარეობს 15 გადმოსვენების პროცედურა. სახელმწიფო განაგრძობს გადმოსვენების პროცედურების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.