მიხეილ ხიდურელი - „ტეპკოს“ მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელება, იაპონური ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია
მიხეილ ხიდურელი - „ტეპკოს“ მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელება, იაპონური ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

იაპონურმა ენერგო გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) საქართველოს ენერგოსისტემაში ინვესტიცია განახორციელა და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4 პროცენტიანი წილი შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, იაპონურ ენერგო კომპანია TEPCO RP-სთან სააგენტოს წარმომადგენლები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

„აქ კარგად ჩანს, რამდენად კომპლექსური შეიძლება, იყოს ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვა. თუმცა ჩვენი Invest In Georgia – გუნდის სამ წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მსხვილი, იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, რომლის შემთხვევაშიც ქვეყანაში არა მხოლოდ ფინანსური რესურსი შემოედინება, არამედ ეს არის სხვა იაპონური ინვესტიციების მოზიდვისთვის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. როდესაც ასეთი გიგანტი კომპანია ქვეყანაში ოპერირებს, ეს იაპონელ ინვესტორებს აძლევს დამატებით გარანტიას, რომ ქვეყანა არის სანდო და უსაფრთხო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა, ასევე იაპონური კომპანია გეგმავს საქართველოში მმართველი რგოლისა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გამოგზავნას, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.