მიხეილ ხიდურელი - კომპანია OCO Global-თან მუშაობით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს მნიშვნელოვნად გავზრდით
მიხეილ ხიდურელი - კომპანია OCO Global-თან მუშაობით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს მნიშვნელოვნად გავზრდით

USAID -ის მხარდაჭერით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ არეალს ზრდის და საერთაშორისო კომპანია OCO Global-თან თანამშრომლობას იწყებს.

„უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან „OCO Global“-თან მუშაობით, მნიშვნელოვნად გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს“, – განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ინფორმაციით, USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან „OCO Global“, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა ცნობიერების ამაღლებას.

მათივე ცნობით, ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავააციო და მანქანების ნაწილების წარმოება.

„ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას“, – ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ინფორმაცია სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გაავრცელა.