მიხეილ ხიდურელი - Fast and Furious 9 არის ფილმი, რომელშიც მთელი მსოფლიო დაინახავს საქართველოსა და თბილისს 
მიხეილ ხიდურელი - Fast and Furious 9 არის ფილმი, რომელშიც მთელი მსოფლიო დაინახავს საქართველოსა და თბილისს 

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის Universal Pictires ერთ-ერთი ცნობილი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი9) გადაღებები თბილისში 18 აგვისტოს დაიწყება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, გადაღების ლოკაციების გარდა დეტალური ინფორმაცია გასაიდუმლოებულია თავად ჯგუფის მოთხოვნით.

„ცნობილია, რომ გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება და მათ შორის 425 ადგილობრივია. საქართველოში წარმოების ბიუჯეტი კი 32 მილიონ ლარამდეა. ამ ეტაპზე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რომელი ცნობილი მსახიობები ჩამოვლენ საქართველოში. ეს არის ფილმი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო და ამ ფილმში მთელი მსოფლიო დაინახავს საქართველოს, თბილისს. იმ ძალიან მძაფრსიუჟეტიან კადრებს, რომელსაც გადაიღებენ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ტურისტულად ცნობილ ქუჩებზე როგორებიცაა, რუსთაველის ქუჩა, თავისუფლების მოედანი და ვაჟა-ფშაველა. შესაბამისად, ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ ფილმში იდენთიფიცირებული იქნება საქართველო და თბილისი, ასეთ ფილმებში მსგავსი რამე ხშირ შემთხვევაში არ ხდება. ამით ჩვენ გარდატეხა მოვახდინეთ, გვჭირდებოდა პირველი ჰოლივუდის ფილმი საქართველოში და შესაბამისად, ახლა ძალიან გვიადვილდება საუბარი სხვა სტუდიებთან“, -განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.