მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს ფორუმზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერის როლი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებსაც მივყავართ მეტი კეთილდღეობისკენ
მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს ფორუმზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერის როლი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებსაც მივყავართ მეტი კეთილდღეობისკენ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც დღეს გაიხსნა, მონაწილეობა მიიღეს ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლებმა, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნებიდან, ასევე თვითონ ნატო-ს სამდივნოდან.

ფორუმს ესწრებოდნენ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ ასეთი მაღალი დონის სტუმრების მხრიდან ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღინიშნა პრემიერ-მინისტრის როლი იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელსაც ჩვენ მივყავართ უფრო მეტი კეთილდღეობისკენ და შესაბამისად გვაახლოებს საბოლოო მიზანთან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თბილისში დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.