მიხეილ ჯანელიძე - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის შემდეგ იმართება და სამწუხაროდ, კონკრეტული შედეგი არ გვაქვს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის შემდეგ იმართება და სამწუხაროდ, კონკრეტული შედეგი არ გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და არის ორიენტირებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნისკენ. მინისტრის თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამავე პრინციპით გაგრძელდება.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის შემდეგ იმართება, უკვე 42-ე რაუნდი გაიმართა და სამწუხაროდ, ამ რაუნდების ფარგლებში რამე კონკრეტული შედეგი არ გვაქვს.
საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და არის ორიენტირებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნისკენ. გავაგრძელებთ სწორედ ამ პრინციპით, ამ მიდგომით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მონაწილეობას და ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული, ჩიხური მდგომარეობიდან შესაძლო გამოსვლის გზები. თუ ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა და მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ.
ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ჟენევაში. არა რა თქმა უნდა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ჟენევაში შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა.
„მაგრამ, ჩვენი მიზანია, რომ შემდეგ რაუნდებზე შეიქმნას იმის საფუძველი, რომ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ამას ემსახურება აქამდე ყველა ჩვენი ნაბიჯი და მომავალშიც ჩვენი მიზანი იქნება მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია და შესაბამისად, კონფლიქტის მოგვარება.
საჭიროების შემთხვევაში, ეს მზაობა არის გამოხატული. პრემიერ-მინისტრმა ეს მზაობა დაადასტურა და ჩვენ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება ჟენევაში, იქნება ორიენტირებული კონსტრუქციული ჩართულობით გააგრძელოს მუშაობა. ამისათვის საჭიროა, რომ მეორე მხრიდანაც ასევე იყოს მზაობა, რათა გადავდგათ ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები მოითხოვს უფრო მაღალ პოლიტიკური დონის მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან ეს მზაობა იქნება.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი არის უმნიშვნელოვანესი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად და მასში მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვანი აქტორი, საერთაშორისო ორგანიზაცია, მოგეხსენებათ, მასში ჩართულია გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი, ევროკავშირის, ეუთო-ს და აშშ-ის წარმომადგენლები. შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, როგორც ახალი შესაძლებლობის მოძებნა, ისევე ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.