მიხეილ ჯანელიძე – დღესაც დიდი პროვოკაციის ფარგლებში ვართ და ეს პროვოკაციაა ტატუნაშვილის ცხედრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამდენი ხნის განმავლობაში დატოვება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ცალსახა და უალტერნატივოა.
მისი თქმით, ქვეყანა დღესაც დიდი პროვოკაციების წინაშეა, მათ შორის პროვოკაციაა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ამდენი ხნის განმავლობაში გადმოუცემლობა.
„ჩვენ დღესაც დიდი პროვოკაციის ფარგლებში ვართ და ეს პროვოკაცია არის ტატუნაშვილის ცხედრის ამდენი ხნის განმავლობაში დატოვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი მიზანია, გადავდგათ ყოველთვის ის ნაბიჯი, რომელიც ამ პროვოკაციებს არ შეუწყობს ხელს, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებაში გავაჩინოთ შეგრძნება და განცდა, რომ არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველომ მშვიდად და გაწონასწორებულად უნდა განაგრძოს საკუთარი პოლიტიკის განხორციელება, რაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას გულისხმობს.
„მშვიდად, გაწონასწორებულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკის განხორციელება. ეს პოლიტიკა არის ცალსახა და უალტერნატივო – ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ამისთვის ყველა გზის მოძებნა და ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა, რათა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, საგარეო კურსი, ჩვენი სუვერენიტეტი, საზოგადოების ერთიანობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ერთიანი.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, არ წამოეგოს პროვოკაციებს, რომელიც მრავლად იქნება.
„მე მოვუწოდებ პოლიტიკურ ოპონენტებს და დღეს კიდევ სამოქალაქო სექტორში მყოფ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი 2008 წელს ქვეყნის მართვაზე და რომელთა დროსაც მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენი რეგიონების აღიარება და მათ ვერაფერი გააკეთეს ამის საწინააღმდეგოდ, ქვეყანა არის შესული ჩიხში დღეს და ვცდილობთ, ამ ჩიხიდან გამოვიყვანოთ მდგომარეობა და არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, რომელიც ბევრი იქნება ამ გზაზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.