მიხეილ დუნდუა - წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება
მიხეილ დუნდუა - წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება

წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 10.5% შეადგინა.

„წლის პირველი ნახევარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც ძალიან კარგია. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება და რიგ შემთხვევაში, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის შემცირება, ეკონომიკის დაცემა. ასე რომ, ასეთ პირობებში, როცა რთულ რეგიონში, გლობალური კრიზისის პირობებში, საქართველო აღწევს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მიუთითებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობის პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.