მიხეილ დუნდუა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპი აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრების მიხედვით
მიხეილ დუნდუა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპი აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრების მიხედვით

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უჭირავს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით.

„ანგარიშის საფუძველზე, ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში, ევრაზიის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ასევე, საქართველო ევრაზიისა და მისი ოკეანეთის ყველა სახელმწიფოს საუკეთესო შვიდეულში დაწინაურდა, სრულიად ევროპაში კი პირველ ადგილზეა. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2021-2026 წლებში მთლიანობაში 40 პროცენტით გაიზრდება“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

როგორც მან განაცხადა, ზრდის მაღალი საპროგნოზო ტემპია ეკონომიკის სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ, სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 2021-2026 წლებში საერთო ჯამში 76 პროცენტით გაიზრდება.

„ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში 2024 წელს გადააჭარბებს 6 000 დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის – 7 500 დოლარზე მეტი გახდება. საქართველოს ნომინალური მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2021-2026 წლებში 63 პროცენტით გაიზრდება. ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით აქაც მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2024 წელს გადააჭარბებს 20 000 საერთაშორისო დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის – 24 000 საერთაშორისო დოლარზე მეტი გახდება. ეს ანგარიში და მონაცემები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულად, წინმსწრები ტემპით სტაბილურად მიდის წინ, რაც სტიმულს აძლევს ქვეყანას, ყველა დაწყებული რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე და დაფიქსირდეს უფრო მაღალი ზრდის ტემპი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

დატოვე კომენტარი