მიხეილ დაუშვილი - წიაღისეულის ლიცენზიების გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნესგადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს
წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს და ბიუროკრატიულ პროცესს ეფექტურს ხდის, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც გამარტივდა სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა.
მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მიესალმება ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომლებიც სექტორში ბიუროკრატიის ეფექტიან მუშაობას და ბიზნეს გადაწყვეტილებების სისწრაფეს ისახავს მიზნად.
„ბიზნესის ხელშეწყობისთვის და დარგში კარგი საინვესტიციო კლიმატისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში ბიუროკრატიის ეფექტიანი მუშაობა და ბიზნეს გადაწყვეტილებების სისწრაფე. ნებისმიერი, თანხმობის, ნებართვის, ლიცენზიის და სხვა ყველა იმ დოკუმენტის მოპოვება, რომელიც ბიზნესის საკეთებლად და სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებისთვის არის საჭირო – ამისი გაკეთება სახელმწიფოს მხრიდან უმოკლეს ვადებში. შესაბამისად ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში არის უმნიშვნელოვანესი ამ დარგში ბიზნესის განსავითარებლად. ცხადია, მივესალმებით ამ ტიპის ცვლილებებს და კიდევ 50 მეწარმისთვის გამარტივებული წესით წყლით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე 120-მდე მცირე მეწარმე გამარტივებული წესით მიიღებს წყლით სარგებლობის ლიცენზიას, რაც მათ სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებაში დაეხმარებათ.