მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ვერ ეგუება ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია
პირდაპირ მინდა, მივმართო ირაკლი კობახიძეს და ვკითხო, რატომ აიძულა სენაკის საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატები, არ მიეღოთ ჩვენი შეთავაზება სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ირაკლი კობახიძეს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მიზანია, საზოგადოებას უთხრას სიმართლე, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია „ოცნება“ იმ საკრებულოებში, სადაც მოქალაქეებმა მას ერთპიროვნული და ერთპარტიული მართვის პრეროგატივა ჩამოართვეს.
„ზუგდიდის, რუსთავის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში კი „ოცნების“ უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, რამდენიმე თვე საკრებულოები ვერ მუშაობდა და ვერ ასრულებდა თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის არაეფექტურობასა და მოსახლეობის უმძიმეს ყოველდღიურობაზე. „ოცნება“ ვერ ეგუება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია.
ამიტომ დაშინების, მოსყიდვის, მუქარის და სხვა უკანონო მეთოდებით ცდილობენ უმრავლესობის მოპოვებას. „ოცნების“ ხელმძღვანელების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.