მიხეილ დაუშვილი - შეცდომას არასოდეს დავარქმევთ იმას, რომ 20 ივნისის განმავლობაში პოლიცია იცავდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოს
მიხეილ დაუშვილი - შეცდომას არასოდეს დავარქმევთ იმას, რომ 20 ივნისის განმავლობაში პოლიცია იცავდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები იღებენ პასუხისმგებლობას ყველა წარმატებასა და არასწორ გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, დაუშვილის თქმით, გიორგი გახარიამ და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ამ საკითხზე კითხვებს არაერთხელ უპასუხეს.

მიხეილ დაუშვილის განმარტებით, 20 ივნისის თემას რამდენიმე ასპექტი აქვს.

„ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ წარმატებასა და არასწორ გადაწყვეტილებაზე, ეს კარგად გამოჩნდა დღევანდელი ბრიფინგის შინაარსში. სწორედ ესაა ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი შინაარსი – ჩვენ პასუხისმგებლიანი მოხელეები ვართ და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეტოვებინა „ქართული ოცნება“ და შეგვექმნა ახალი პარტია. როდესაც 20 ივნისზე ვსაუბრობთ, ამაზე გიორგი გახარიამ და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაერთხელ გასცეს პასუხები კითხვებს. ამ თემას აქვს რამდენიმე ასპექტი. ჩვენ თუ ვისაუბრებთ კონკრეტული ადამიანის, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომის საკითხზე და იმ ფაქტზე, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელსაც ვაცნობიერებთ, ვაღიარებთ და ამაზე ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი, მაგრამ როდესაც 20 ივნისზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ და ვახსენოთ ის, რომ 20 ივნისს მოხდა შტურმი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, კონსტიტუციურ ორგანოზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. იმას, რომ ქართული პოლიცია 20 ივნისის განმავლობაში იცავდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოს, ჩვენ შეცდომას არასოდეს არ დავარქმევთ, პირიქით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი ტიპის აქტივობები, რომ ვინმე რაიმე მიზეზით თავს ესხმოდეს კონსტიტუციურ ორგანოს და ამითი ცდილობდეს ძალაუფლების მოპოვებას, თუ რამე სხვა პოლიტიკური მიზნის მიღწევას“, – განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, უამრავი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა დღეს უკვე შეუძლებელი გახდა რაიმე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევა შიდა ოპონირების ფარგლებში.

„ბოლო წლების განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, უამრავი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უამრავი წარმატება მოუტანა ქვეყანას, მაგრამ როდესაც მისვამთ შეკითხვას, რა გიშლიდათ ხელს ამ შეცდომების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წიაღშივე გებრძოლათო, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს უკვე შეუძლებელი გახდა რაიმე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევა შიდა ოპონირების ფარგლებში.

სწორედ ამიტომ დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ გიორგი გახრიასთან ერთად მისმა თანამოაზრეებმა, მისმა გუნდმა შევქმნათ ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის იმ რეალური პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ისეთი, როგორებიცაა ეკონომიკური პრობლემები, კოვიდის ეფექტური მართვა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რადიკალიზაციის დასრულება, რადგან დღეს რაც ხდება პოლიტიკურ ველზე, არავის არგებს, ეს მხოლოდ ავნებს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე.