მიხეილ დაუშვილი - სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძისთვის „სიენენიც“ კი მათთან მებრძოლი გახდა
მიხეილ დაუშვილი - სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძისთვის „სიენენიც“ კი მათთან მებრძოლი გახდა

სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძისთვის „სიენენიც“ კი მათთან მებრძოლი გახდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს: „„სიენენის“ ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული კითხვა. კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული“.

„ეს ხალხი ერთ რამეს ვერ მიხვდა, რომ მათ აბარიათ ქვეყანა, აღებული აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და არ შეიძლება ის, როგორც იქცევიან. ვაჭრობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არავის გაუკიცხავს „ქართული ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის, „ქართული ოცნება“ რაზეც იკიცხება, ეს უკავშირდება ორ რამეს, რასაც მათგან ვითხოვდით – სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადება უკრაინისთვის და რომ არ გაჩენილიყო კითხვები და ბრალდებები, ხომ არ ეხმარებიან რაიმე ფორმით რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. „ქართული ოცნების“ მიმართ მთავარი ბრალდება ის კი არ არის, რატომ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან ან თუნდაც რატომ არ დაუწესეს სანქციები, არამედ მთავარი კითხვაა იმ ნაწილში, სანქციებისთვის თავის არიდებაში ხომ არ ეხმარებიან რუსეთს. „ქართულმა ოცნებამ“ თავი ამ ორ ელემენტარულ საკითხს ვერ გაართვა თუ არ გაართვა, ეს კიდევ საკითხავია. იმდენიც კი ვერ მოახერხეს, კითხვები არ გაჩენილიყო“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.