მიხეილ დაუშვილი - რთულია, ამნისტიის რომელიმე პროექტს მხარი დავუჭიროთ, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კონსენსუსს, თუმცა დღეს გვაქვს ორი განსხვავებული პროექტი
მიხეილ დაუშვილი - რთულია, ამნისტიის რომელიმე პროექტს მხარი დავუჭიროთ, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კონსენსუსს, თუმცა დღეს გვაქვს ორი განსხვავებული პროექტი

რთულია, ამნისტიის შესახებ რომელიმე პროექტს მხარი დავუჭიროთ, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა კონსენსუსს პოზიციასა და ოპოზიციას შორის, თუმცა დღეს ორი განსხვავებული პროექტი გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, არსებობდეს გამოსავალი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ოპოზიციამ გაიზიაროს ხელისუფლების პროექტის გარკვეული პუნქტი და ანალოგიურად, ხელისუფლებამ გაიზიაროს ოპოზიციის შეთავაზება.

„მე არ წავალ თვითონ პროექტის იურიდიულ ნიუანსებში, ზოგად შეფასებას გავაკეთებ. პირველ რიგში, 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც ჩვენც შევუერთდით იმის გამო, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს შეთანხმება არ იყო იდეალური, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ საერთოდ საჭირო გახდა ამ შეთანხმებაში ამნისტიის ჩადება.

ჩვენთვის უბრალოდ რთულია, რომელიმე პროექტს მხარი დავუჭიროთ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა კონსენსუსს მხარეებს შორის – პოზიციას და ოპოზიციას შორის და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს ამნისტიის შესახებ ორი განსხვავებული პროექტი.

შეიძლება, არსებობდეს გამოსავალი. რასაც ჩვენ ვხედავთ, ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ოპოზიციამ გაიზიაროს პოზიციის, ხელისუფლების პროექტის გარკვეული პუნქტი და ანალოგიურად, ხელისუფლებამ გაიზიაროს ოპოზიციის შემოთავაზება.

ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითისთვის, შეიძლება, ამნისტია არ გავრცელდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ამნისტია სრულად გავრცელდეს ყოველგვარი თანხმობების, განსაკუთრებით, ნოტარიალური თანხმობების გარეშე ყველა პოლიციელზე, რომელიც იცავდა მართლწესრიგს. პრინციპში სულ ეს არის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გვქონდეს კონსენსუსი, ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება და საერთო ვერსია ამნისტიის პროექტთან დაკავშირდებით“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.