მიხეილ დაუშვილი - რისკი როცა არსებობს, ამ დროს, სულ მცირე, უსაფრთხოების საბჭო უნდა მოიწვიო, ხელისუფლებისგან დავინახეთ არა უსაფრთხოების ხედვა, არამედ დაიმალნენ
მიხეილ დაუშვილი - რისკი როცა არსებობს, ამ დროს, სულ მცირე, უსაფრთხოების საბჭო უნდა მოიწვიო, ხელისუფლებისგან დავინახეთ არა უსაფრთხოების ხედვა, არამედ დაიმალნენ

ვიხილეთ შეშინებული და დამალული ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა. როცა რისკი არსებობს, ამ დროს, სულ მცირე, უსაფრთხოების საბჭო უნდა მოიწვიო და ნახო, რა რისკებთან გაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა დაგეგმო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

დაუშვილის შეფასებით, ასეთ დროს საზღვარი უნდა ჩაიკეტოს.

„მაგ დღის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ საერთოდ ხმა არ ამოუღია, საუბარი პოსტ ფაქტუმ დაიწყო. ამ დროს საუბარი გაცილებით მარტივია, ვიდრე პროცესში. რა გააკეთეს? შეეშინდათ და დაიმალნენ. ანუ, არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, შეეშინდათ და გაქრნენ. იფიქრეს, დაველოდოთ, რა მოხდება და რაც მოხდება, შემდეგ რაღაც გავაკეთოთო. საბოლოო ჯამში, ვიხილეთ შეშინებული და დამალული ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა. რა უნდა გაეკეთებინათ? რაც სხვა სახელმწიფოებმა გააკეთეს. როცა გადმოდინების რისკი არსებობს, ამ დროს, როგორც მინიმუმ, უსაფრთხოების საბჭო უნდა მოიწვიო და ნახო, რა სახის რისკ-ფაქტორებთან გაქვს საქმე, რა ტიპის ღონისძიებები უნდა დაგეგმო. რა თქმა უნდა, საზღვარი უნდა ჩაკეტო, რადგან გადმოდინების რისკი იმდენად დიდი იყო, რომ მოკლე ვადაში რაღაც ხომ უნდა დაუპირისპირო, ვიდრე სტრატეგიას დაავალებ. მათგან უსაფრთხოების ხედვა კი არ დავინახეთ, არამედ, უბრალოდ, დაიმალნენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.