მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პოლიტიკური ნება მაინც ღიად, ერთმნიშვნელოვნად, ულტიმატუმების გარეშე დააფიქსირონ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არ დააკარგვინონ
მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პოლიტიკური ნება მაინც ღიად, ერთმნიშვნელოვნად, ულტიმატუმების გარეშე დააფიქსირონ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არ დააკარგვინონ

პარლამენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილა ხელისუფლების მიერ ინიცირებული სამი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, გუშინ განხილული პროექტების შემუშავების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა, არათუ ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი არც ერთი შენიშვნა, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, „ოცნება“ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს.

„პარლამენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილა ხელისუფლების მიერ ინიცირებული სამი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ქვეყნის ევროინტეგრაციას.  კერძოდ, წარმოდგენილი პროექტები შეეხებოდა: დეოლიგარქიზაციას; ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჩვენი გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულების პროცესში, სამუშაო ჯგუფებში ერთადერთი მიზნით – ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გუშინ განხილული პროექტების შემუშავების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არათუ ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი არც ერთი შენიშვნა, არამედ – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები. ჩამოთვლილ საკითხებზე „ოცნება“ დღემდე ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ ცვლილებებს, რაც, სამწუხაროდ, რისკის ქვეშ აყენებს ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გუშინ ამ სამი უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვა მიმდინარეობდა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში. რაც მიუთითებს ერთი მხრივ იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, ცვლილებები იყოს ილუზორული და უშინაარსო ცვლილებები, ხოლო მეორე მხრივ, იყენებს ოპოზიციის პოპულიზმსა და ინტერესის ნაკლებობას. უახლოეს მომავალში სესიაზე განიხილება სასამართლოს „ოცნებისეული“ ე.წ. რეფორმა, სადაც ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა ჩვენი გუნდისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – მეგობრების (მათ შორის, აშშ საელჩოს), რეკომენდაციები, ერთადერთი მიზნით, რომ გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ მთავარ აქტორს, ლევან მურუსიძესა და მის მეგობრებს დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლებაში გავლენების განმტკიცებაში. სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევები, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მოქმედებებმა მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან დაკავშირებით, ღია, პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რისი კარგი მაგალითიცაა გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაკეთებული შეფასება. ეს თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ ელოდება დღევანდელი „ქართული ოცნების“ პირობებში, რომ ისინი დემოკრატიით ვინმეს გაარკვივებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც მოქალაქეების უმრავლესობაში არის სრული კონსესუსი საქართველოს მომავლის შესახებ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ნება მაინც ღიად, ერთმნიშვნელოვნად, ულტიმატუმების გარეშე დააფიქსირონ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არ დააკარგვინონ.

კიდევ ერთხელ – ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ვაფრთხილებთ, რომ ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება თითოელი თქვენგანის კისერზე. ეს იქნება საკითხი, სადაც პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება და ამაზე ჩვენი გუნდის თითოეული წევრი იზრუნებს. ჩვენი გუნდისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი წითელი ხაზი და არავის ვაპატიებთ – არც „ქართულ ოცნებას“, არც „ნაცმოძრაობას“, არც ფსევდო-ოპოზიციას – ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვა“, – განაცხადა დაუშვილმა.