მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა
ორგანიზაცია „ოცნება“ აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და უვადოდ დანიშვნის პროცესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის გარეშე; რომელი რეფორმის გარეშეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლო სისტემაში არსებულ „გავლენის ჯგუფებს“; კიდევ უფრო ასუსტებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, აზიანებს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, – განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა.
დაუშვილის თქმით, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი კანონის უზენაესობის გზაზე.
დეპუტატმა მოუწოდა ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ ღიად თქვა უარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და ამის ნათელი დასტური იყო, მაგალითისთვის, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ საწინააღმდეგოდ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება; მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული პირობის – ევროკავშირის წინაშე ნაკისრი პირობის შეუსრულებლობა, რამაც დაგვაკარგვინა 75 მლნ ევროს ოდენობის დახმარება; და რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევა ყველანაირი გამჭვირვალე პროცესის გარეშე.
ხელისუფლების ეს ნაბიჯები ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენი გუნდი ამბობს დაფუძნების დღიდან – ეს არის ის, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის აკეთებს ყველაფერს და ამისთვის მზად არის, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი ძირეული რეფორმების გატარება. რა თქმა უნდა, უპირველესად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა; საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსება და დეკონცენტრაცია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის – პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში რამდენიმე თვის წინ ინიცირებული პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის ინიცირებიდან გასულია ოთხ თვეზე მეტი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ „ოცნებამ“ ვერ მოიცალა იმისათვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან და შინაარსობრივ ცვლილებაზე განხილვებიც კი დაგვეწყო.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ ორგანიზაცია „ოცნებას“, დროულად დაიწყოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა, ასევე, დაიწყოს გამჭვირვალე სამუშაო პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებისთვის“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა პრესკონფერენციაზე.