მიხეილ დაუშვილი - მნიშვნელოვანი არ არის, შევაფასო „ლელოს“ მოქმედებები, მახსოვს, ბარიერის გადალახვაში დახმარებას ვცდილობდით და ამის მიუხედავად, 24 საათი ჩვენზე თავდასხმით იყვნენ დაკავებული
მიხეილ დაუშვილი - მნიშვნელოვანი არ არის, შევაფასო „ლელოს“ მოქმედებები, მახსოვს, ბარიერის გადალახვაში დახმარებას ვცდილობდით და ამის მიუხედავად, 24 საათი ჩვენზე თავდასხმით იყვნენ დაკავებული

ჩვენს სტრატეგიაში არაფერი არ შეცლილა. არჩევნებზე გავდივართ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, ყველა პროდასავლურ პლატფორმასთან თანამშრომლობენ.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პლატფორმასთან, რათა არჩევნების შედეგები იყოს დაცული და „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება, რაიმე ფორმით მიითვისოს ჩვენი მოქალაქეების ხმები. პლატფორმაში მარტო პოლიტიკური პარტიები არ შედიან, შეიძლება შედიოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან საარჩევნო საკითხებში, თუ როგორ უნდა დავიცვათ მოქალაქეების ხმები“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.

დაუშვილის თქმით, მისთვის „ლელოს“ გადაწყვეტილებების შეფასება მნიშვნელოვანი არ არის.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, შევაფასო „ლელოს“ და ხაზარაძის მოქმედებები თუ გადაწყვეტილებები. ეს არის ხალხი, რომლებზეც, მახსოვს, არაფერს ვამბობდით, გარდა იმისა, რომ გვინდოდა და ვცდილობდით, ყველანაირად დავხმარებოდით, ბარიერი გადაელახათ. ამის მიუხედავად, 24 საათი ჩვენზე თავდასხმით იყვნენ დაკავებული. ხან მორატორიუმებს აცხადებენ, ხან ამ მორატორიუმებს აუქმებენ, საბოლოო ჯამში, არ ვიცი, ამ ტიპის განცხადებები რამდენად სერიოზულია. ყველას თავისი გზა, გადაწყვეტილება აქვს. უნდათ ერთიანი სია გააკეთონ, უნდათ არ გააკეთონ. ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ამ სტრატეგიას მივყვებით. ჩვენი მთავარი მიზანია, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე არ მივცეთ საშუალება, რამე ტიპის მანიპულაციებით მიითვისოს ჩვენი მოქალაქეების ხმები“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.