მიხეილ დაუშვილი - მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებებზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება
მიხეილ დაუშვილი - მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებებზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებებზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის, ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პარტიას ცრუ ბრალდებები წაუყენა, რომელიც არაფერს არ ეფუძნება, არავითარ არგუმენტს ან მტკიცებულებას არ ეფუძნება და ამას მოყვა კიდევ მმართველი პარტიის სხვა პირების განცხადებები.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ცრუ ბრალდებები, უბრალოდ, რომელსაც არავითარი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნია, საბოლოო ჯამში, ხდება ჭორაობა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ისევე ის, რაც ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირეთ, რომ ამასთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, თუ კი ვინმეს, რაიმე, გადატრიალება ჰქონდა მომზადებული. სხვაგვარად, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა, ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფა და რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის უარგუმენტო, ცრუ ბრალდებები უბრალოდ აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს დაუყონებლივ გამოძიება. თავდაპირველად ველოდებით რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მიერ. ჩვენ მოვისმინეთ მძიმე ბრალდებები, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და როგორც უკვე გითხარით, დაუყონებლივ ვითხოვთ გამოძიებას“, – განაცხადა დაუშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.