მიხეილ დაუშვილი - ჩათვალეთ, სტატუსი მიღებული გვაქვს, ჩვენი მეგობრები რუსეთის წინაშე მარტო არ დაგვტოვებენ, დღეს მთავარი ამბავია, როდის უნდა იყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპი
მიხეილ დაუშვილი - ჩათვალეთ, სტატუსი მიღებული გვაქვს, ჩვენი მეგობრები რუსეთის წინაშე მარტო არ დაგვტოვებენ, დღეს მთავარი ამბავია, როდის უნდა იყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს დეკემბერში მიიღებს. როგორც ჟურნალისტებს დაუშვილმა განუცხადა, დღეს მთავარი ამბავი აღარ არის, საქართველომ უნდა მიიღოს თუ არა სტატუსი, არამედ მთავარი ამბავია, როდის უნდა დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპი.

„ევროკომისიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ 12 რეკომენდაციიდან სამი პუნქტია სრულად შესრულებული. ამის გათვალისწინებით, გამიჭირდება თქმა, რომ ანგარიში პოზიტიური იქნება, რადგან ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ჩათვალეთ, რომ სტატუსი მიღებული გვაქვს. რა თქმა უნდა, სტატუსი არის საქართველოს მოქალაქეებისა და იმის დამსახურება, რომ ჩვენი მეგობრები რუსეთის წინაშე მარტო არ დაგვტოვებენ. დღეს მთავარი ამბავი აღარ არის, უნდა იყოს თუ არა სტატუსი. მთავარი ამბავია, როდის უნდა იყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპი. როდის გადადის ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე? მოლდოვა თითქმის მოლაპარაკებების ეტაპზეა გადასული. ჩვენ კი ამ დროს სტატუსზე ვსაუბრობთ. ამ ჩამორჩენაზე ვინ არის პასუხისმგებელი? რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ იმის თაობაზე, რომ უნდა ვისაუბროთ არა სტატუსზე, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე? – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილი იმ ოპოზიციონერების პოზიციასაც ეხმაურება, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველომ სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მიიღოს.

„ვინმე თუ ამბობს ევროკავშირში, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს და არწმუნებს, რომ სტატუსი არ მოგვცენ, რადგან ამით „ქართული ოცნება“ ისარგებლებს, ისინი „ქართულ ოცნებაზე“ უარესები არიან. ეს ადამიანები ქვეყანას ძალიან მძიმედ აზიანებენ. მიუღებელია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ქვეყანას სტატუსი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსს ვიმსახურებთ და სტატუსი უნდა მივიღოთ. ეს სტატუსი მოქალაქეების მონაპოვარია და არა – რომელიმე პარტიის“, – აღნიშნა დაუშვილმა.