მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვაზე, რისთვისაც ამ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენ სკოლებში წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შევთავაზეთ და ავამოქმედეთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მოდელი – განმავითარებელი შეფასება. ამასთან, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ „ტელესკოლა“, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დისტანციური სწავლების პროცესის სრულყოფის კუთხით მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი და პირველი სემესტრის სასწავლო ფორმატი ეპიდვითარების შესაბამისად, რეგიონების მიხედვით, განისაზღვრა. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, ხოლო მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოუწიათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა, სამინისტრომ დამატებითი ანაზღაურება უზრუნველყო.

მინისტრმა გამოყო სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების საკითხი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

პრეზენტაციის ფარგლებში, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების დისტანციური ფორმით მიწოდებაზე, დისტანციური სწავლების არაერთი მხარდამჭერი პროგრამის განვითარებასა („iსკოლა“ და „ვებსკოლა“) და მასწავლებლებისთვის ჩატარებულ ვებინარებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება საგანმანათლებლო სისტემაში.

რაც შეეხება განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის Minecraft Education Edition-ის დანერგვა, რაც თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Minecraft-ის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად მაღალი შეფასება მისცა კორპორაცია Microsoft-მა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ხოლო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე პროფესიული განათლების მიმართულებით შეიქმნა. მისი თქმით, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა მიღებისთვის.

„პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი. დაინერგა ჰიბრიდული სწავლების მიდგომები. არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინრეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. რის შედეგადაც პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4400 ადგილი. პროფესიულ პროგრამებზე შეუფერხებლად ჩაირიცხა 9500 სტუდენტი“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ყურადრება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რაც სისტემაში მიმდინარე წელს განხორციელდა.

„პროფესიული სასწავლებლებისთვის დამტკიცდა ევროპული ხარისხის ინდიკატორებზე დაფუძნებული ავტორიზაციის ახალი სტანდარტები. ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, გაგრძელდა ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 30 პროცენტით გაიზარდა. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით შემუშავდა პროგრამა პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისთვის, რომლის მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკმა 70 მილიონი დოლარი გამოყო“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, თითქმის 15-წლიანი წყვეტის შემდეგ, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

„წელს პირველად მივიღეთ სტუდენტები ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ“, – დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული პროექტები პროფესიული განათლების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით დასრულდა ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია და 10-მდე პროფესიულ კოლეჯში მიმდინარეობს სახელოსნოების მოწყობა-განვითარება.