მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გალაკტიონ ტაბიძის ამ დრომდე უცნობი ხელნაწერების გამოფენა გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გალაკტიონ ტაბიძის ამ დრომდე უცნობი ხელნაწერების გამოფენა გახსნა

გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პოეტის ამ დრომდე უცნობი ხელნაწერები გამოიფინა – პირადი წერილები, გამოუქვეყნებელი ლექსები: „ძველი კოშკი“, „მელოდია“, „წამების ჯვარი“ „წერილი დედას“, გიორგი ქუჩიშვილის უცნობი წერილი გალაკტიონისადმი, პოემა „ფერფლი“, რომლის მხოლოდ სახეცვლილი ვარიანტის ნაწილია გამოქვეყნებული, პოეტის ესკიზები და სხვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ხელნაწერების გამოფენა გახსნა და საზოგადოებას პოეტის 130 წლის იუბილე მიულოცა.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა, უნიკალურ ცენტრში, სადაც ჩვენი ქვეყნის საგანძური – ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექციაა დაცული, რომელიც საქართველოს ინტელექტუალურ და კულტურულ მემკვიდრეობას და უდიდეს ისტორიას ინახავს. ვულოცავ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს და მთელ საზოგადოებას, რომ გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს არაჩვეულებრივი გამოფენით შეხვდა. მიხარია, რომ ეს უნიკალური არქივი, რომელშიც წარმოდგენილია გამოუქვეყნებელი პოემა, ლექსები, პირადი წერილები, პოეტის საინტერესო ესკიზები, დაცული იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დარწმუნებული ვარ, მისი მეცნიერული თვალსაზრისით შესწავლის შემდეგ საინტერესო პუბლიკაციები გამოიცემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გამოვხატავ პატივისცემას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თითოეული თანამშრომელი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვან, საშვილიშვილო საქმეს ემსახურებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გალაკტიონ ტაბიძის არქივის ნაწილი, 62 ერთეული ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კერძო პირისგან შეისყიდა. თანხის ნაწილი მოხმარდება ჭყვიშში გალაკტიონის სახელთან დაკავშირებული მემორიალური ადგილების განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოუცემელი ხელნაწერები დიდ სიახლეს წარმოადგენს გალაკტიონის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის. გალაკტიონის აქამდე უცნობი ხელნაწერების ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს წლის ბოლომდე ხელნაწერთა ცენტრის საგამოფენო დარბაზში ექნება“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.