მიხეილ ჩხენკელი - უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას
მიხეილ ჩხენკელი - უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა – თავისუფლების გამარჯვების დღე. 32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს – დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილითა და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.