მიხეილ ჩხენკელი - შვიდი დღის განმავლობაში ოთხპროცენტიანი ინფიცირების მაჩვენებელი თუ იქნება, თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც სწავლას გავაგრძელებთ საკლასო ოთახებში
მიხეილ ჩხენკელი - შვიდი დღის განმავლობაში ოთხპროცენტიანი ინფიცირების მაჩვენებელი თუ იქნება, თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც სწავლას გავაგრძელებთ საკლასო ოთახებში

ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა დადებითობის მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პირველ თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლები გააგრძელებენ მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება თბილისს, რუსთავის და ქუთაისის სკოლებთან დაკავშირებით, როგოც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში 4-პროცენტიანი მაჩვენებელი ინფიცირების. თუ პირველ მარტამდეც შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა ოთხ პროცენტზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, რადგან სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას და სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა მინისტრმა.

ამ დროის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 6%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი