მიხეილ ჩხენკელი - რამდენიმე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას
მიხეილ ჩხენკელი - რამდენიმე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, რამდენიმე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუქნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი.

აღნიშნულის შესახებ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. სულ ბრამდენიმე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუქნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში „აიბიეში“ (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდი „ქართუს“ მიერ.

ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამდროვე მეთოდებით, რაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს.

პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევრებს, მეცნიერებს, ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და დიდი ენთუზიაზმი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი კერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო დასვა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.