მიხეილ ჩხენკელი - ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა
მიხეილ ჩხენკელი - ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ჩხენკელის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა კეთილდღეობისთვის.

„დღეს მსოფლიოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა, ყველა ბავშვს და ასევე მათ მშობლებს მივულოცო ეს დღე, ვუსურვო ოცნებების ასრულება და ბედნიერი მომავალი.

ბავშვები ჩვენი უპირველესი საზრუნავია. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში გაზრდილი, განათლებული მომავალი თაობა უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში და ქვეყნის სწორ განვითარებაში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა.

გასულ წელს და დღესაც ბავშვთა საერთაშორისო დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო განსაკუთრებულ პირობებში ვხვდებით. უპრეცენდენტო გამოწვევების პერიოდში ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ, რათა ბავშვებს ჰქონოდათ განათლების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მასწავლებლების ძალისხმევა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებმა ისწავლონ უსაფრთხო, მშვიდობიან და პოზიტიურ გარემოში, ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა“, – აცხადებს ჩხენკელი.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.