მიხეილ ჩხენკელი - აცრა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, აიცრან, გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას
მიხეილ ჩხენკელი - აცრა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, აიცრან, გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სისტემის ყველა წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი:

„დღეს ავიცერი „ფაიზერის“ მეორე დოზით პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში აცრა არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ აიცრან. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. უწყების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

„განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში არის გამოყოფილი და აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.