მიხეილ ბატიაშვილი – ზუგდიდის მე-6 სკოლამ მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლო წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარება
ზუგდიდის მე-6სკოლამ მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლო წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებზე და მათ გამოსწორებაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, 2018 წლის 21 დეკემბერს, ზუგდიდის მე-6 სკოლამ გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელებული ქმედებების და მათი გამოსწორების შესახებ სამინისტროში წარმოადგინა ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ დარღვევებზე გატარებულია ღონისძიებები და უმეტესობა აღმოფხვრილია.
„მე მხოლოდ რამდენიმე ძირითად დარღვევაზე მითითებულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ, სრულად ამ წერილს შეგიძლიათ თავად გაეცნოთ:
მაგალითად, სკოლის ფართები გაცემული იყო ისე, რომ არ იყო გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და არც რაიმე გადასახადი იყო გადახდილი; ამას მოჰყვა სკოლის რეაგირება – ფართები გაიცა იჯარის წესით კანონის შესაბამისად.
მოსწავლეებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში იყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიბინძურე და ანტისანიტარია, არ იყო აღჭურვილი, არ იყო დამონტაჟებული შიდა გაყვანილობა, განსხვავებით სკოლის პერსონალისთვის განკუთვნილი სველი წერტილებისგან. ამაზეც მოხდა რეაგირება – სკოლის სარგებლობაში არსებული სველი წერტილები მთლიანად დასუფთავებულია და ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები, შეტანილია საპონი და ქაღალდი, დაყენებულია ჩამრეცხები და განთავსებულია ურნები, ხელსაბანი ნიჟარები დასუფთავებულია და შეკეთებულია, ასევე მოყვანილია წესრიგში წყლის ავზი.
გამოვლენილი დარღვევა – სკოლის მიერ ერთი კლასიფიკატორის კოდზე სამი შესყიდვაა განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ისე, რომ სკოლას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და შესყიდულია 5000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, რითიც დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების კანონით დადგენილი მონეტარული ზღვარი;
სკოლის დირექტორი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვებს პირებისგან, რომლებთანაც იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში. არც ერთ შემთხვევაში არ არის შედგენილი დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ.
სკოლის მიერ სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული უმეტესი ხელშეკრულებები არ შეიცავს კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს.
სკოლის რეაგირება – შესყიდვებში სრულად იქნება გათვალისწინებული შენიშვნები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლის ბუღალტერი გაივლის შესაბამის ტრენინგებს, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ შესაბამისი ოქმების კეთება დაწყებულია 2018 წლის დეკემბრის თვიდან.
გამოვლენილი დარღვევა – სკოლამ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლითაც შეიმცირა დასაბეგრი მოგება.
სკოლის რეაგირება – დეკლარაციები დაზუსტებულია, შესაბამისი თანხები გადახდილია ბიუჯეტში.
გამოვლენილი დარღვევა – სკოლის დირექტორის ბრძანებებით 2016 და 2017 წელს შეიქმნა სკოლის ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების საინვენტარიზაციო კომისიები, თუმცა სკოლაში ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
სკოლის რეაგირება – სკოლაში დაწყებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, გამოვლენილია ზედმეტობა, მიმდინარეობს შედარებები საბუღალტრო მონაცემებთან.
რეალურად სკოლის შემოწმების, აუდიტის დასკვნის, სამეურვეო საბჭოს განხილვის შედეგად, სკოლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სკოლამ მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლო წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ და სხვა გარემოებებზე დაუყოვნებელი რეაგირების გადადება ან არჩატარება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა არამხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ დანაშაული საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც ათეულობით სხვა შემთხვევაში მანამდე და მომავალშიც ასე მოვიქცევით, რადგან, ვიმეორებ, ღრმად გვწამს – ამას გვავალდებულებს მომავალი თაობების ინტერესები“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.