საქართველოში მარტის ბოლოს პირველი სამეცნიერო ფორუმის გამართვა იგეგმება
საქართველოში მარტის ბოლოს პირველი სამეცნიერო ფორუმის გამართვა იგეგმება

ვფიქრობთ, დაახლოებით, 28, 29, 30 მარტისთვის საქართველოში პირველი სამეცნიერო ფორუმი მოვაწყოთ, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“.

„ეს ინფორმაცია ამ დღეებში უნდა გაგვევრცელებინა და ახლა პირველად ვაცხადებ. ვფიქრობთ, მოვიწვიოთ საზღვარგარეთ წარმატებული ქართველი მეცნიერები და ის ინსტიტუციები, რომლებიც მეტნაკლებად შეგვრჩა, რათა ვიმსჯელოთ, რა როგორ უნდა განვავითაროთ“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სექტორი მეცნიერების გარეშე ვერ განვითარდება. როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, არის მდიდარი ეკონომიკის ქვეყნები, სადაც განათლებაში მილიარდები იხარჯება, მაგრამ იმის გამო, რომ მეცნიერება ვერ ვითარდება, შედეგი ძალიან დაბალია.

ამასთან, როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ისეთი შეცდომები დაუშვას, რომელიც განათლების სისტემას დააზიანებს. 

„სამი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ ხედვა შეგვემუშავებინა. არსებობს რეფორმის დოკუმენტი, ასე ვთქვათ, სამუშაო ვერსია, მაგრამ ვთქვით, მოდით, წარმოვადგინოთ ეს ხედვა და გავაგრძელოთ კონსულტაციები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მაყურებლის შეკითხვაზე, მოხდება თუ არა სკოლის სახელმძღვანელოების გადახედვა რეფორმის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სექტემბერში ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოების გაუმჯობესებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, წელს მეშვიდე კლასის წიგნები განახლდება, მომდევნო წელს კი – მთლიანად.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მე-12 კლასის გაუქმების საკითხი, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არანაირად არ განიხილება და პირიქით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მე-11 და მე-12 კლასები რაც შეიძლება, გაძლიერდეს.