მიხეილ ბატიაშვილი - მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს
მიხეილ ბატიაშვილი - მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს

მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სკოლას სკოლის ფუნქცია დაუბრუნდეს.

„იმის მაგივრად, რომ დამამთავრებელ კლასებში სწავლა მიმდინარეობდეს და ორიენტირებული იყვნენ იმ ცოდნისკენ, რომელსაც სკოლა უნდა აძლევდეს, ეროვნული გამოცდებისთვის მშობლების უზარმაზარი რესურსი იხარჯება. ჩვენი თვითმიზანი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიზანია, რომ ცოდნა მიიღონ. სკოლა უნდა გაძლიერდეს და თავისი ფუნქცია დაუბრუნდეს. მისაღები გამოცდები კი, სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს. ამ გამოცდებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყურადღება ქართულ
ენას ექცევა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს ავტონომიური უფლება მისცა.

„უნივერსიტეტებს შეეძლებათ, გამოცდები ჩაიბარონ. ისინი თავად გადაწყვეტენ, დამატებით კიდევ რა უნდათ, რომ მოითხოვონ. ამით სკოლა სკოლის ფუნქციას უბრუნდება. გამოცდები მარტივდება და რაოდენობა მცირდება, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ გამოცდებისთვის ემზადებიან, რომელიც, როგორც წესი უნივერსიტეტებში არ ადგებათ და შედეგს ვერ გვაძლევს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, განათლების რეფორმით სკოლის კომპონენტი ძლიერდება.

„გამოცდების მინიმალური რაოდენობა რჩება, რომელიც სასწავლო პროგრამებთან მიახლოებულია. ჯამში ეს მშობლების უზარმაზარი რესურსების ეკონომიას გამოიწვევს, რომელიც დღეს იხარჯება. კვლევები გვაჩვენებს, რომ საუნივერსიტეტო დონეზე ​რეპეტიტორებიდან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ გვაძლევს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.