მიხეილ აშვეთია - ლეგიონერების მეიმედება და მჯერა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ წინასასეზონო პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.
„სეზონისთვის მზადება დაგვიანებით დავიწყეთ. ამ ეტაპზე როგორც შეგვეძლო, მაქსიმალურად მოვემზადეთ. სამწუხაროა, რომ კარგი ამხანაგური მატჩები ვერ ვითამაშეთ და მხოლოდ ადგილობრივ გუნდებს შევხვდით. ამიტომ ხვალ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩიდან გამოჩნდება, რას წარმოვადგენთ და რა დონეზე ვართ. მაგრამ ჩვენი ლეგიონერების ძალიან მეიმედება და მჯერა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ბათუმელებთან მაქსიმუმს დავდებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ტრადიციები გავაგრძელოთ. ჩვენ ყველა, ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები და მწვრთნელები ვეცდებით, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ძველი დიდება დაიბრუნოს“, – განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.
სეზონის დაწყებამდე „ტორპედოდან“ 15 მოთამაშე წავიდა. მათ შენარჩუნება რატომ ვერ მოახერხეთ? მიხეილ აშვეთიამ ამ კითხვაზეც უპასუხა:
„გუნდი არავის დაუტოვებია. უბრალოდ, ყველას კონტრაქტი დაუმთავრდა და ფეხბურთელები ჩემი შეხედულებით მოვიყვანე, რომლებიც ჩვენს სათამაშო სქემაში ჯდებოდა. კონტრაქტები მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეებს ჰქონდათ. რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება? იმიტომ, რომ გადახალისება გჭირდებოდა. დავიწყეთ დაკომპლექტება და ამდენი უცხოელი იმიტომ მოვიწვიეთ, რომ დაკომპლექტებისას, ფაქტობრივად, საქართველოში მოთამაშეები თითქმის აღარ იყვნენ დარჩენილები. აქცენტი მასზე ავიღეთ. პლუს ადგილობრივ ახალაგზრდებზე“.