მიხაილო დრაპატი – გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გახდება გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი, უკრაინის პრეზიდენტმა დაგვისახა მკაფიო ამოცანები, გავაძლიეროთ შეტევითი ოპერაციები, განვავითაროთ არმია
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი პრეზიდენტ ზელენსკის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
როგორც დრაპატი სოციალურ ქსელში წერს, მისთვის ყოველთვის პატივი იყო, ყოფილიყო უკრაინის სამსახურში.
„მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ნდობისთვის, თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის, ხოლო თავდაცვის ძალებს — სამსახურის ახალი ეტაპისთვის. ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო, ვყოფილიყავი უკრაინის სამსახურში, ხოლო დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ეს ნიშნავს აბსოლუტურ პასუხისმგებლობას. მადლიერი ვარ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის უკრაინული არმიის გაძლიერებაში გაწეული თანმიმდევრული მუშაობისთვის. მე ამ არმიაში ვარ გაზრდილი“, – წერს დრაპატი.
მიხაილო დრაპატი ასევე აღნიშნავს, რომ მის გუნდში გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი გახდება გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი, რომელიც საჰაერო-საიერიშო ჯარების ყოფილი მეთაურია.
„მე და იგორ სკიბიუკმა ერთმანეთი გავეცანით 2022 წელს, უკრაინის სამხრეთში, როდესაც ერთი სამეთაურო პუნქტიდან ვხელმძღვანელობდით ხერსონის ოლქის გათავისუფლების ოპერაციას. მას შემდეგ მას ვიცნობ, როგორც მეთაურს, რომელსაც რთულ ვითარებაში შეგიძლია ენდო და დაეყრდნო მის გადაწყვეტილებებს, გამოცდილებას, შინაგან პრინციპებს. წინ რთული ამოცანა გველოდება, ამიტომ ვმუშაობთ ხმამაღალი დაპირებების გარეშე, პასუხისმგებლობით ჩვენს გადაწყვეტილებებზე და იმ ადამიანების პატივისცემით, რომელთაც ფრონტი უკავიათ და უკრაინას სიმტკიცის შენარჩუნებაში ეხმარებიან. უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიო ამოცანები დაგვისახა — გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ შეტევითი ოპერაციები ყველა სფეროში, დავგეგმოთ ახალი ოპერაციები მტრის ზურგში, განვავითაროთ არმია და მასში არსებული ტექნოლოგიები, გავზარდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები“, – წერს დრაპატი.