მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სკოლებსა და საავადმყოფოებში განალაგებენ, რუსულ პროპაგანდას ჰგავს
მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სკოლებსა და საავადმყოფოებში განალაგებენ, რუსულ პროპაგანდას ჰგავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სკოლებსა და საავადმყოფოებში განალაგებენ, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციის ნაწილს, რომლის მიზანიც უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და დასავლეთისგან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ჩაშლაა.

ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა.

„უკრაინა მკაცრად იცავს ომის ყველა კანონს და საერთაშორისო ნორმებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური პრიორიტეტი არის უკრაინის თითოეული მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა, რუსეთის ბარბაროსული აგრესიის პირობებში. ჩვენ თანმიმდევრულად ვიღებთ ყველა ზომას, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს, გადაადგილდნენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უფრო უსაფრთხო ადგილებში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გაავრცელა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მათი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტექნიკას ხშირად განალაგებს სკოლებსა და საავადმყოფოებში. ორგანიზაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ასეთი ტაქტიკა წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. ამასთან, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ეს არ აძლევს უფლებას რუსეთს, სარაკეტო დარტყმები მიიტანოს სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში, განაცხადეს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადება უცნაურია და გამოიყურება რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაწილად.

„ამნესთის“ ასეთი ქცევა მსოფლიოსთვის სიმართლის ძიებას და მისი მსოფლიოსთვის მიწოდებას არ წარმოადგენს, არამედ ქმნის ცრუ ბალანსს დამნაშავესა და მსხვერპლს შორის. „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაცია რუსულ პროპაგანდას ჰგავს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.