მიხაილ პოდოლიაკი - ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით, როგორც კი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ათასობით ადამიანი დასვამს კითხვას, რისთვის იყო ამდენი სიკვდილი?
მიხაილ პოდოლიაკი - ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით, როგორც კი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ათასობით ადამიანი დასვამს კითხვას, რისთვის იყო ამდენი სიკვდილი?

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უკრაინის სცენარით უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისთვის იყო ამდენი სიკვდილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე – და მაინც, ომის გაყინვის ყველა ვარიანტზე უარისა და ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება, არის თუ არა მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და უჭერენ თუ არა მას სამხედროები, პოდოლიაკი პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ეს არის კონსოლიდირებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. უმაღლეს მთავარსარდალს სამხედროებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ოპერატიულ ტაქტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის, საით უნდა წავიდეს უკრაინა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ყველა რისკს, როგორც გაყინულ ომს, ასევე უკრაინის სცენარის მიხედვით დაუსრულებელ ომს”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მისი თქმით, მათ ასევე კარგად ესმით, რომ იარაღს ჯერ-ჯერობით ნელა აწვდიან და არასათანადო მოცულობით, რაც პოდოლიაკის თქმით, ბიუროკრატიის გარდა, იმის ბრალიცაა, რომ ევროპული პოლიტიკური ელიტები ვერ ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შემდეგ მათ დაიკავეს მკაცრად პოლიტიკური პროუკრაინული პოზიცია, რაც საჯაროდ გამოხატეს.

„დაიწყეს დიალოგი თავიანთ საზოგადოებებთან. ევროპელმა ხალხმა სწრაფად მიიღო პროუკრაინული პოზიცია, რამდენადაც ჩვენში საკუთარ თავს ხედავენ.

შემდეგ, დასავლელმა პოლიტიკურმა ელიტებმა დაიწყეს ე.წ. ჩაურევლობის კონცეფცია, რომელიც მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას სთავაზობდა უკრაინას. ახლა, ისინი ცალსახად აღიარებენ, რომ საჭიროა იარაღის, ფულის, ნებისმიერი კონსულტაციური დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა”,- აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, საკუთარი ბიუროკრატიის გატეხა – ეს ყველაზე რთულია.

„ის პირდაპირი მნიშვნელობით იმსხვრევა მსოფლიო ლიდერებთან პრეზიდენტის ყოველდღიური კონტაქტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ბოლომდე ცოტას თუ ესმის“, – აღნიშნავს მრჩეველი.

როგორც პოდოლიაკი აცხადებს, დასავლეთში უკვე ესმით, რომ საჭიროა რუსეთის გაჩერება, რომ რუსეთმა უნდა წააგოს. მისივე განცხადებით, ამაზე მეტყველებს ჯოზეფ ბორელისა და ოლაფ შოლცის განცხადებები, რომლებიც პოდოლიაკის თქმით, პირდაპირ საუბრობენ ამაზე.

„ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ორი თვის წინ. ახლა დასავლეთი გვაძლევს ფულსა და იარაღს. ერთადერთი საკითხია მისი შეგროვების დრო. ჩვენთვის აუცილებელია კრიტიკული მოცულობის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოგროვება. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. აგროვებდა რესურსებს. ახლა კი უკრაინის აღმოსავლეთით ხარჯავენ მნიშვნელოვან რეზერვებს. ჩვენ უნდა გავუძლოთ, ვიდრე ისინი მნიშვნელოვან რესურსებს ამოწურავენ”, -აღნიშნავს მიხაილ პოდოლიაკმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ამას უკრაინა და როგორ აფასებენ ამ პერსპექტივებს თავად სამხედროები, პოდოლიაკი ამბობს, რომ სამხედროები გაუძლებენ.

„სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს დანაკარგების მინიმალიზებას, ვინაიდან მათთვის, რუსეთისგან განსხვავებით, ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. რუსეთისთვის მისი სამხედრო კონტიგენტი არაფერია.

სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით. როგორც კი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბანკოვაიაზე მოვა ათასობით ადამიანი, რომელთაც ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები, ცოლები, ქმრები დაკარგეს და დასვამენ კითხვას: რისთვის იყო ამდენი სიკვდილი? რუსეთი რომ რეალურად წესებით ომობდეს, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა თქმა: კარგი, გავიგეთ – ეს ინფრასტრუქტურული ომია, ნადგურდება სამხედრო ობიექტები და ა.შ.

თუმცა, აქ საკითხი ასე დგას. მერე ყოველთვის შეგვეკითხებიან, რატომ ისხდნენ ეს ადამიანები, ხუთი წლის ბავშვები სამი თვე სარდაფში და ჭამდნენ იმას, რასაც პოულობდნენ. რატომ დაასახიჩრეს და მოკლეს ხალხი ოკუპანტებმა? ჩვენ ამაზე არ ვუპასუხებთ, თუ დღეს ომს ორი წლით გადავდებთ. ამიტომ არ არსებობს არავითარი დუალიზმი გადაწყვეტილებების მიღებისას – გვჭირდება თუ არა შემდგომი ბრძოლა”, – აცხადებს პოდოლიაკი.