მიხაილ პოდოლიაკი - ჰენრი კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე
მიხაილ პოდოლიაკი - ჰენრი კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე

უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის პოზიციას აკრიტიკებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე „ცუდი მშვიდობა“ იქნება პუტინის გამარჯვება, ასევე წარმატების რეცეპტი ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში.

„ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალიბებს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, მარტივია: დაამშვიდე აგრესორი უკრაინის ნაწილის შეწირვით აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის გარანტიებისთვის“, – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.

მანამდე, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება და რომ ეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთი კატასტროფული მსოფლიო ომის საფრთხე შემცირდეს.