მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ყველა წევრი საშტატო რეჟიმში მუშაობს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფების ყველა წევრი საშტატო რეჟიმში მუშაობს. უკრაინული მედიის ცნობით, ასე გამოეხმაურა ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩისა და უკრაინის დელეგაციის ორი წევრის შესაძლო მოწამვლის შესახებ.
„მომლაპარაკებელი ჯგუფის ყველა წევრი დღეს საშტატო რეჟიმში მუშაობს. საინფორმაციო სივრცეში დღეს ბევრი საინფორმაციო სპეკულაცია, სხვადასხვა კონსპიროლოგიური ვერსია და საინფორმაციო თამაშის ესა თუ ის ელემენტია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მომლაპარაკებელი ჯგუფების ყველა წევრი დღეს საშტატო რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამერიკულმა გამოცემამ „უოლ სთრით ჯოურნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების სამ მონაწილეს, მათ შორის რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს მიმდინარე თვის დასაწყისში სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ.
ამასთან, თავად უკრაინელ მომლაპარაკებლებს მოწამვლის ფაქტი არ დაუდასტურებიათ. რუსტემ უმეროვმა, რომელიც ერთ-ერთ სავარაუდო დაზარალებულად არის მოხსენიებული, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საზოგადოებას მოუწოდა, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს სტამბოლშია დაგეგმილი.