რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განუცხადა.
ჟურნალისტმა გალუზინს ჰკითხა, მზად არის თუ არა მოსკოვი თბილისთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების აღსადგენად.
„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა აგრესიის განხორციელება სცადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს ამის გამო უმკაცრესად აკრიტიკებენ. თავად მის წინააღმდეგ მრავალი სასამართლო საქმე მიმდინარეობს. გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან გაისმა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. როგორც ვხვდები, ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია.
ვიმედოვნებთ, რომ ისინი გარდაიქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არსებული რეალობის ფხიზელი აღქმის საფუძველზე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ აკავშირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩვენს პოზიციასთან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, გალუზინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთვის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ყოველმხრივი განვითარება გააგრძელოს.
„საქართველოსთვის რუსეთი კვლავ რჩება საკვანძო ბაზრად ბევრი მიმართულებით, კერძოდ, ღვინის პროდუქტების, ხილისთვის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგომატარებლების და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურულ-ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები“, – აცხადებს გალუზინი.
რუსი დიპლომატის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში არსებითი ნაბიჯები გადადგა, კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის, აღდგა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა.
„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ მათ აღსადგენად. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად არის, წავიდეს. ჩვენთვის აქ შეზღუდვები არ არის“, – თქვა გალუზინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოსთან ავიამიმოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 1,5 მილიონი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. საავიაციო მიმოსვლა ქვეყანასთან კი 16 მარშრუტს მოიცავს.
„რა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში ასეთი ავიამიმოსვლა შეიძლება გაფართოვდეს“, – განაცხადა მან.
გალუზინს ასევე მოსკოვი-სოხუმის ავიარეისზე ჰკითხეს. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ მიაღწიოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციისგან სოხუმში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვას.
„ჩვენ არ განვიხილავთ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, როგორც საქართველოსთან ჩვენი საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხს. ეს სრულიად დამოუკიდებელი თემაა. სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო და ახლა დასასრულს უახლოვდება. უკვე იყო საცდელი ფრენა რუსეთიდან. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში უკვე დაიწყება რეგულარული რეისები. ეს გაუადვილებს ძალიან ბევრ რუსს აფხაზეთში ჩასვლას ტურისტული მიზნებისთვის, დასასვენებლად, ბიზნესისთვის და ა.შ. ვიმედოვნებ, რომ ქართული მხარე თავისი პრაგმატიზმითა და რუსეთთან კავშირების მნიშვნელობის გაცნობიერებით გააგრძელებს რუსულ-ქართული თანამშრომლობის განვითარებას იქ, სადაც ეს ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია. რუსეთის მხრიდან ასეთი განწყობა უცვლელად არის და ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობას არ ვუკავშირებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში შენარჩუნდება ის პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც დღეს აშკარად დომინანტურია თბილისში“, – აღნიშნა გალუზინმა.
გალუზინს ასევე ჰკითხეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე ჟენევის დისკუსიების ჩატარების ადგილის შეცვლის შესაძლებლობაზე, რასთან დაკავშირებითაც დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიამ დაკარგა თავისი ნეიტრალური სტატუსი, როდესაც სრულად დაუჭირა მხარი დასავლეთის ანტირუსულ ხაზს უკრაინის კრიზისის კონტექსტში.
„კონფედერაცია შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტის უმეტესობას. ეს აბსოლუტურად ლოგიკურს და ბუნებრივს ხდის ჩვენთვის, დავაყენოთ საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან ყველა მონაწილისთვის უფრო მისაღებ ადგილას გადატანის საკითხი. ჩვენი სამხრეთ ოსი და აფხაზი მოკავშირეები ამაში მხარს გვიჭერენ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამ თემაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების თავად ფორმატი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია და რუსული მხარე მის შენარჩუნებას უჭერს მხარს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ამ დისკუსიებში და პარალელურად ვაყენებთ მათი გეოგრაფიული გადატანის საკითხს“, – განაცხადა მიხაილ გალუზინმა ინტერვიუში.