მიხაილ გალუზინი – რუსეთი და ბელარუსი ცდილობენ, მზად იყვნენ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, მოკავშირის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები, რუსეთის გამოწვევად იქნება აღქმული
რუსეთი და ბელარუსი ცდილობენ, მზად იყვნენ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენი უახლოესი მოკავშირის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად იქნება აღქმული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
გალუზინის თქმით, ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და თავად ბირთვული საბრძოლო მასალები მუდმივად მოდერნიზდება, ხოლო ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან მსგავსი პრაქტიკის გაფართოებაზე დისკუსია აქტიურდება.
მისივე შეფასებით, ვითარებას ევროპის მზარდი მილიტარიზაციაც ართულებს, მათ შორის ევროპის ერთიანი ბირთვული პოტენციალის შექმნის იდეა, რომელიც, მისი თქმით, აშშ-ის ბირთვულ ქოლგას დაემატება.
„ჩვენს ქვეყნებზე განხორციელებული მასშტაბური სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლისა და ნატო-ს ქვეყნების მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების შესუსტებისკენ მიმართული ჰიბრიდული მოქმედებების გათვალისწინებით, ვცდილობთ, მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ, ნატო-სგან განსხვავებით, სადაც აშშ-ის ბირთვული შეიარაღება ეროვნული ტერიტორიისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, რუსეთი და ბელარუსი სხვა პრინციპებით თანამშრომლობენ“, – განაცხადა გალუზინმა.
მისივე თქმით, რუსეთ-ბელარუსის მიერ მიღებული ზომები საპასუხო ხასიათს ატარებს.
გალუზინმა ასევე ისაუბრა ბელარუსის საზღვართან დასავლეთის ქვეყნების სამხედრო აქტივობაზე. კერძოდ, მისი თქმით, ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს გერმანიის ბუნდესვერის სპეციალური დანაყოფის განთავსება სერიოზული ნაბიჯია.
„აშკარაა, ეს გადაწყვეტილება ევროპაში გაძლიერებული მილიტარიზაციისა და რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის მზადების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გალუზინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსკოვს, დასავლელი მეზობელი ქვეყნების პროვოკაციული პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველა რისკის გათვალისწინება უწევს.
„ჩვენი უახლოესი მოკავშირის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები რუსეთ-ბელარუსის კავშირის და უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად იქნება აღქმული“, – განაცხადა გალუზინმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ერთობლივი რეაგირების მკაფიო მექანიზმს ითვალისწინებს და რუსეთი ამ მექანიზმით იხელმძღვანელებს.