მიხაელ გალერი - ყველანაირი ძალა უნდა მოვიკრიბოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რადაც უნდა დაგვიჯდეს, რა თქმა უნდა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის გარეშე
მისასალმებელი ფაქტია, რომ ჯო ბაიდენმა ნავთობზე ემბარგო და რუსულ იმპორტზე ბოიკოტი გამოაცხადა, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა.
გალერის თქმით, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის დასასუსტებლად.
„ვიზიარებ მოსაზრებას, რომელსაც ჯერჯერობით უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს ევროკავშირის მთავრობაში და არც გერმანიის მთავრობაში, ისევე, როგორც ორი კვირის წინ ვნახეთ, რომ არც სამხედრო შეიარაღების გაგზავნაზე იყო ერთსულოვნება ევროკავშირში. ვფიქრობ, ყველანაირი ძალა უნდა მოვიკრიბოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რადაც უნდა დაგვიჯდეს, რითიც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის გარეშე. მაგრამ მგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასასუსტებლად, რუსეთის დასასჯელად ამ კრიმინალური აქტის გამო. არ უნდა ველოდოთ, ვიდრე რუსების ბომბების წვიმა მიწასთან გაასწორებს უკრაინას და ქვის ხანაში დააბრუნებს. არ უნდა ველოდოთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საჭირო ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც, მათ შორის, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ მართლზომიერად არ ვიმოქმედებთ, შემდეგი ჩვენ ვიქნებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.