„რეალ სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა, იმანოლ ალგუასილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახევარმცველი მიკელ მერინო „არსენალში“ გადადის.
28 წლის ფეხბურთელმა, უკვე რამდენიმე დღეა, შეათანხმა კონტრაქტის პირობები ლონდონურ კლუბთან. პარასკევს ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს კლუბებმაც. „არსენალი“ მერინოში 37.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
„ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ იმით, რომ მიკელ მერინო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს წინ. ეს ძალიან კარგად ლაპარაკობს „რეალ სოსიედადზე“, ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოზე და, განსაკუთრებით, მერინოზე.
ის ჩვენთან 22 წლის ასაკში მოვიდა და მიდის 28 წლის ასაკში დიდი ფეხბურთელის რანგში. მან თავი გამოიჩინა ჩვენთან, ის გუნდს ზრდაში დაეხმარა, ჩვენ მასთან ერთად მოვიგეთ თასი, ხუთჯერ მოვხვდით ევროთასებზე, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე და მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტს მივიღებთ. ეს ის ტრანსფერია, რომელიც ჩვენც გვინდა“, – განაცხადა ალგუასილმა.