ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებმა სამაშველო გემი გაიტაცეს. მალტის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხომალდის დაკავება შეძლო.
საქმე ეხება თურქულ ნავთობის ტანკერს, რომლის ეკიპაჟმაც ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ნავზე მყოფი მიგრანტები გადაარჩინა. გადარჩენილმა მიგრანტებმა გემი გაიტაცეს და ევროპაში, კერძოდ კი მალტაში, ჩასვლას შეეცადნენ.
როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი იუწყება, გემზე 120 მიგრანტია. სალვინიმ მომხდარს „მეკობრეობა“ უწოდა.
როგორც იტალიის, ისე მალტის მთავრობამ განაცხადა, რომ გატაცებულ გემს ნავსადგურში არ შეუშვებს.
როგორც იუწყებიან, მალტელმა სამხედროებმა გემის დაკავება შეძლეს. ეკიპაჟის წევრებსა და მიგრანტებს შორის დაშავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.