მიგრანტთა დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
მიგრანტთა დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრი მარკ ჰარბერსი თანამდებობას ტოვებს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სკანდალის მიზეზი გახდა მარკ ჰარბერსის უწყების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც მიგრანტების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებრივი ფაქტები ერთ კატეგორიაში იყო თავმოყრილი.

გამოცემა „დე ტელეგრაფი“ წერს, რომ ანგარიშში დანაშაულებრივი ფაქტები რამდენიმე კატეგორიად იყო დაყოფილი. მაგალითად, მაღაზიიდან ქურდობის შემთხვევები, ხულიგნობა და სხვა, ხოლო სერიოზული კრიმინალური შემთხვევები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და მკვლელობები, თავმოყრილი იყო ერთ კატეგორიაში, კლასიფიკაციის გარეშე.

ჰარბერსმა პარლამენტში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ შეცდომას აღიარებს. მისი თქმით, ანგარიშმა დეპუტატები შეაცდინა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მიგრაციის მინისტრის თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. როგორც მან განაცხადა, მისთვის საწყენია, რომ „მინისტრთა კაბინეტი უნდა დაემშვიდობოს ამ ნიჭიერ და საქმის ერთგულ ლიბერალს“.